საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების თაობაზე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება კითხვებს ბადებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ გიორგი ბარათაშვილის გადაყენება საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისულ სიტუაციას უფრო დაამძიმებს.
"მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის" 32-ე მუხლის თანახმად, გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო ნიშნავს თანამდებობაზე და აფორმებს მასთან შრომის კონტრაქტს. ამავე კანონის 32-ე პრიმა მუხლის 1-ელი პუნქტის გ ქვეპუნქტში საუბარია იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, ეს პროცედურა კი შეიძლება დაიწყოს ბორდის წევრთა 1/3-მა წერილობით მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ სამართლებრივად ბორდს ამ მექანიზმის გამოყენება შეეძლო, თუმცა ის პროცესები, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში პარალელურად მიმდინარეობდა, კითხვებს ბადებს. ჩვენ ვიცით, რომ როცა გიორგი ბარათაშვილმა დაიკავა გენერალური დირექტორის პოზიცია, არხზე კრიზისული მდგომარეობა იყო შექმნილი, რაც გადაწყვეტილების მიღებისას, ვფიქრობთ, სამეურვეო საბჭოს უნდა გაეთვალისწინებინა. მით უმეტეს, რომ ეს პროცესი დაემთხვა ერთ-ერთი თანამშრომლის გათავისუფლებას, რისი შესაძლებლობაც ბარათაშვილს, როგორც გენერალურ დირექტორს კანონმდებლობით ჰქონდა. მიგვაჩნია, რომ ბორდის გადაწყვეტილებით საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ კრიზისულ ვითარება უფრო დამძიმდება და რა თქმა უნდა, ამის გამო მიღებული გადაწყვეტილების მიმართ კითხვები არსებობს. ვერ გეტყვით, ეს იყო თუ არა ვინმეს დაკვეთა, ან რა დაკვეთა იყო, მაგრამ ეს იყო საკმაოდ არაგონივრული ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის საზოგადოებრივ მაუწყებელს", - აღნიშნა ნათია კაპანაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გუშინ არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.