ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, შეეშვან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მინისტრის თქმით , გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბიუჯეტში 600 მილიონიანი რღვევაა სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს დღეს, სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განუცხადა.
"ძალიან საინტერესო ციფრი დასახელდა გუშინ და გაკვირვებისგან კომენტარის გაკეთების სურვილიც აღარ გამიჩნდა. საქართველოს ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები წლის განმავლობაში უნდა იყოს 6 მილიარდ 600 მილიონი ლარი. თებერვალში 600 მილიონიანი გარღვევა ვინც თქვა, თქვენ როგორ გგონიათ მიმატება გამოკლება თუ იცის. საქართველოს ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მე მინდა ვთხოვო, რომ თავი გაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მათ დაბნევას. ყველაფერი არის ძალიან კარგად, საქართველოს ეკონომიკაში არის აღმავლობა. მიმდინარეობს მცირე და საშუალო ბიზესის განვითარება",- განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება არა მარტო გეგმებთან დაკავშირებით, არამედ წინა წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით.
მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტში თავისუფალი სახსრების სახით 800 მილიონ ლარზე მეტი დევს.
მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2013 წლის მხოლოდ პირველ ორ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 600 მილიონ ლარამდე ოდენობის გარღვევაა.