ფინანსთა სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ფინანსთა სამინისტროში სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას გაივლიან. ასევე, უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას ფინანსთა სამინისტრო საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებითა და ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით უზრუნველყოს. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება.
ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნოდარ ხადური თსუ-ს მსგავსად ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტშიც წაიკითხავს.