ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის თემურ ცამციშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია - "ბრალდებულია ქუთაისის სიყვარულისთვის" გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, თეატრალიზებულ აქციაში კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მხიარულ და საზრიანთა კლუბის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ახალგაზრდებმა თემურ ცამციშვილს "ბრალი წაუყენეს" ქუთაისში ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებში, კლასიკური მუსიკისა და თეატრალური ფესტივალის მოწყობაში, აქციაში - "მე მიყვარს ქუთაისი", ბავშვთა ბანაკ "სულორის" მოწყობაში და სხვა ღონისძიებებში.
პარალელურად, დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომლის მიხედვითაც, კულტურის სფეროს წარმომადგენლები თხოვნით მიმართავენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, არ შეუჩეროს თემურ ცამციშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილება.
ცამციშვილის სასამართლო პროცესი დღეს არის დაგეგმილი. მას ბრალი გასულ კვირას სამსახურებრივი გადაცდომის გამო წაუყენეს.