საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის სპეციალური კონსულტანტს სამართლებრივ-კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ჰამერბერგი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწვევით, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ გამოგზავნეს.
"თომას ჰამერბერგის მისიის მიზანია, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროკავშირის სახელით, საქართველოს მთავრობას გაუწიოს კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო რეფორმა, კონსტიტუციური რეფორმა, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა, პენიტენციური რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა. ჰამერბერგი აქტიურად მიადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პროცესებს. ამგვარად, მისი საქმიანობა დაეხმარება მთავრობასა და პარლამენტს რეფორმების უკეთ წარმართვაში", - აცხადებენ პრემიერის აპარატში.
საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ თომას ჰამერბერგი ხელს შეუწყობს ევროსტრუქტურების სათანადო ინფორმირებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.