აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სირაბიძემ დაუდასტურა. როგორც მან აღნიშნა, თავართქილაძის განცხადება გადადგომის თაობაზე აჭარის მთავრობამ გუშინ დააკმაყოფილა.
ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი თავართქილაძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი გახდა მისი განცხადება, სადაც საუბარი იყო აჭარაში 40-მილიარდიანი ინვესტიციის შემოსვლის შესახებ.
გიორგი თავართქილაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის "ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯიას" ბათუმის ფილიალის მმართველი იყო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობას თავართქილაძის პირველი მოადგილე დავით ბალაძე ასრულებს.
რაც შეეხება განცხადებას, ეს განცხადება უკვე ყოფილმა მინისტრმა თებერვალში გააკეთა. ”ინვესტიციების შემოდინება წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და 10-15 წლიან პერიოდს მოიცავს. მნიშვნელოვანია, შემოთავაზებულ წინადადებებს შორის, მიღებულ იქნას ყველაზე ოპტიმალური, რეგიონის სამომავლო განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს-პროექტები. 40 მილიარდ დოლარამდე თანხის ინვესტირებას სხვადასხვა კომპანიები რეალურად გეგმავენ, თუმცა, კარგად უნდა იყოს შესწავლილი ამ შემოთავაზებათაგან რომელი უფრო მეტ სარგებელს მოუტანს აჭარას”,-აღნიშნა თავართქილაძემ.