საინიციატივო ჯგუფის "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა ინიციატივის ავტორებს დაუბრუნა.
საუბარია ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძის, ნინო ზურიაშვილის, გიორგი კლდიაშვილის, თამარ კორძაიასა და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლების მიერ მომზადებულ პროექტზე, რომელიც სამაუწყებლო სივრცეში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლის შემოღებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა წარუდგინა, თუმცა, როგორც გაირკვა, კანონპროექტი ცვლილებებს სხვა საკანონმდებლო აქტებშიც იწვევდა, რაც პროექტს თან არ ერთოდა და ერთიან საკანონმდებლო პაკეტის სახით მომზადებული არ იყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შენიშვნების საფუძველზე, ხარვეზების გამოსწორების მოტივაციით, ინიციატივა ავტორებს უკან დაუბრუნდათ.
ცნობისთვის, კანონპროექტით სამაუწყებლო სფეროში სავალდებულო ტრანზიტის წესი შემოდის; წესდება მაუწყებლის ვალდებულება, მისცეს მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ სუბიექტს ტრანზიტის უფლება; ასევე, წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო ეროვნული მაუწყებლობისთვის, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარების, ხოლო დანარჩენი მაუწყებლებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტის ჩატარების ვალდებულებები. კანონპროექტით, ასევე, განისაზღვრება აუდიტორული დასკვნების სრულად გამოქვეყნების წესი. წესდება სარეკლამო შემოსავლების ყოველკვარტალურად გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტს შემოაქვს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საეთერო სარეკლამო დროის შესყიდვის მკაცრი წესები.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, აჭარის ტელევიზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლად ყალიბდება, ხოლო მისი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდრულად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება.
ძირეულად იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესები და ფორმა. შემოთავაზებული ცვლილებებით, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-მდე მცირდება. პარლამენტისადმი წარსადგენ კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელშიც დარგის სპეციალისტები შევლენ. კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე არანაკლებ სამი კანდიდატი წარედგინება, წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს, მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დანარჩენ ორ კანდიდატს კი სახალხო დამცველი ირჩევს.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე გახდა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების და სერიოზული დებატების საგანი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არასამთავრობოთა საკანონმდებლო ინიციატივას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელის დაქვემდებარების და "ჯიბის ტელევიზიად" ქცევის მცდელობად აფასებს.