ალექსანდრე ხეთაგურის, ნიკა გვარამიასა და მათთან ერთად ბრალდებული პირების წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ხეთაგურის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა, პროცესზე მტკიცებულებების წარდგენა მოხდება, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვის თარიღი ჩაინიშნება. საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, გასული წლის დეკემბერში 6 პირი დააკავეს, მათ შორის ალექსანდრე ხეთაგური და ნიკა გვარამია.
განათლებისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს, ეკონომიკის მინისტრი ყოფილ მოადგილე კახა დამენიასა და "თელასის" გენერალურ დირექტორს დევი კანდელაკს აღმკვეთ ღონისძიებად 30-30 ათასი ლარი ოდენობის გირაო შეეფარდათ, გიორგი ნემსიწვერიძესა და იზა გუტიძეს კი - 15-15 ათას ლარი.
მათ გირაოს თანხის უზრუნველყოფა მოახდინეს და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.