საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი სამეურვეო საბჭოს მიერ მის გათავისუფლებას უსამართლოს უწოდებს.
როგორც ბარათაშვილმა "პირველ არხთან" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, მას სამეურვეო საბჭოდან არავინ დაკავშირებია და ინფორმაცია გათავისუფლების შესახებ სატელეფონო ზარებით, ახლობლებისგან შეიტყო.
"როგორ შეიძლება იყოს სამართლიანი ეს გადაწყვეტილება?! ორი თვის არჩეული გენერალური დირექტორი ადგე და გადააყენო იმიტომ, რომ საკადრო გადაადგილება მოახდინა! ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება?!", - აღნიშნა ბარათაშვილმა. მისივე თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით ძალიან გაკვირვებულია.
ტელეკომპანია "იმედთან" სატელეფონო საუბარში კი ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ მან შეწყვიტა უცხოეთში მივლინება და საქართველოში ბრუნდება, ხვალ კი საგანგებო პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.