დეპუტატ ირინა იმერლიშვილის საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სისტემების კონტროლი პრეზიდენტიდან მთავრობის უფლებამოსილებაში გადადის, ხვალ, პირველი მოსმენით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს.
საქართველოს დაზვერვის სამსახური, რომელიც დღესდღეობით პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაა, პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის. ის სწორედ მთავრობის და ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და მთავრობას წარუდგენს სადაზვერვო ინფორმაციას, ნაცვლად პრეზიდენტისა. სადაზვერვო სამსახურის უფროსსაც თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან მოხსნის პრემიერ-მინისტრი და ის დაზვერვის საკითხებში პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი გახდება.
ამავე პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებულია ისიც, რომ კონტრდაზვერვის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სამსახური მთავრობის მიერ განისაზღვრება და სამსახურის საქმიანობაზე სამთავარობო კონტროლი დაწესდება.
წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს იმასაც, რომ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადის გაგრძელების, მისთვის გრიფის მოხსნის, ასევე კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის მხრივ პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები და სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მთავრობის კომპეტენციაში გადადის.
გარდა ამისა, ეროვნულ სადაზვერვო პროგრამას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე იქმნება და სადაზვერვო საქმიანობის ძირითად მიზნებს, მიმართულებებსა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს, პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა დაამტკიცებს.
დეპუტატ იმერლიშვილის მიერ მომზადებული "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ", "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ" და "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ" კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები დაზვერვით და კონტრდაზვერვით სფეროებში პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მთელი რიგი ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადებას და მათ მთავრობის მიერ მიღებას ითვალისწინებს.