პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ეროვნული კომიტეტი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე სარედაქციო მუშაობაში ჩარევის ფაქტით შეშფოთებულია , - ამის შესახებ პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შექმნილი ვითარების შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომიტეტში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საიონფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას არღვევს.
"გასულ კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხათუნა ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ არხის გენერალურმა დირექტორმა მას მთავრობის წევრზე კრიტიკული რეპორტაჟის ეთერში გაშვების გაუქმება მოსთხოვა. დაუმორჩილებლობის გამო, ხათუნა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ეროვნული კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა არღვევს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას. ცენზურა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის და მედიის საერთაშორისოდ აღიარებული თავისუფლების პრინციპებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც მოქმედი ხელისუფლების კრიტიკის შეჩერების მცდელობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხდება, რომელიც, საქართველოს პლურალისტურ, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით პოლარიზებულ მედიაგარემოში, ყველა სანდო კვლევის მიხედვით, ინფორმაციის ყველაზე დაბალანსებული წყაროა", - ნათქვამია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ეროვნული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომიტეტის ცნობით, 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი და ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზრდილია და ასეთ მედიასაშუალებაში სარედაქციო თავისუფლების შეზღუდვა უარყოფითად აისახება საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე. პრესის საერთაშორისო ინსიტუტი იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური მომავალშიც შეძლებს შეინარჩუნოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.