ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს კარგი შედეგები აქვს, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა თავის ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გასულ კვირას ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა დამტკიცდა და ფაქტობრივად, სტრუქტურული თვალსაზრისით, მე ვამბობ, რომ ეს არის იგივე, რაც გაწევრიანების სამოქმედო გეგმა", - განაცხადა ლინკევიჩუსმა. მისი თქმით, ნატო-სთან საქართველოს აქვს კარგი თანამშრომლობა და საქართველომ მიიღო დაპირება, რომ გახდება ნატო-ს წევრი.
"ამიტომ ახლა ვიმეორებ, რომ სტრატეგიული მოთმინება, მოტივაცია, მეტად მნიშვნელოვანია ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება, გამომდინარე იმ ბერკეტებიდან და ინსტრუმენტებიდან, რომელიც გაქვთ. დრო დადგება და მეგობრები ამ ყველაფრის მიღწევაში დაგეხმარებიან. თქვენ გახდებით ნატო-ს წევრი ისე, როგორც ნატო-ს დოკუმენტებში არის გაწერილი, მაგრამ შემიძლია გითხრათ ერთი რამ, დროს ვერავინ გეტყვით, როდის მოხდება ეს", - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.
მისივე თქმით, როდესაც წევრობის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამისათვის საქართველო უნდა იყოს მზად და განსაკუთრებით მან ამ კუთხით ხაზი გაუსვა საგარეო პოლიტიკას და თავდაცვის სფეროს. "სადაც საჭირო ვიქნებით, იქ უნდა მიიღოთ დახმარება, გამომდინარე თქვენი არჩევანიდან", - დასძინა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.