რამდენიმე თვეში ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და მასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტველ კოლეგას და ლიტვას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისა და თანადგომისთვის, რომელსაც ეს ქვეყანა საქართველოს უწევს. მაია ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.
როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მან იმედი გამოთქვა, რომ ამ სამიტამდე ასოცირების ხელშეკრულების ტექსტის დასრულება მოხერხდება, რაც, მისი შეფასებით, ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. "ლიტვა რამდენიმე თვეში ევროკავშირის თავმჯდომარე იქნება და როგორც მასპინძელი ქვეყანა, მნიშვნელოვანია მასთან თანამშრომლობა", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.