ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შაჰიდია, რომელიც საზოგადოებას თავის აფეთქებით ემუქრება".
ამის შესახებ ხუხაშვილმა "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში პრეზიდენტისა და პრემიერის დღევანდელი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მხრიდან მედიასა და სასამართლოზე ზეწოლაზე საუბარი არაადეკვატური და სასაცილოა.
"საინტერესოა, რას გულისხმობს მედიაზე ზეწოლაში. თუ იმას გულისხმობს, რომ წართმეული ტელევიზია პატრონს დაუბრუნდა, მაშინ არ ვიცი, ხოლო თუ "რუსთავი 2"-ზეა საუბარი, საინტერესოა, როდიდან იქცა ამ ტელეკომპანიის გენერალური დირქეტორი ნიკა გვარამია თავისუფალი სიტყვის გარანტად. ამ ადამიანს რა მორალური უფლება აქვს მედიაზე ზეწოლაზე ისაუბროს, როცა 9 წლის განმავლობაში, მედიაზე უპრეცედენტო ზეწოლის მოწმეები ვიყავით. რაც შეეხება სასამართლოს, ვისი დიქტატის ქვეშაა ის, ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ მოსამართლე არევაძის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელმაც ათეულობით ლარის მითვისებაში ბრალდებული უგულავა გაათავისუფლა, თამაზაშვილს კი თეთრი ძაფით ნაკერ საქმეზე რამხელა სასჯელი მიუსაჯა. საზოგადოებას არ გვაქვს უფლება მოსამართლეს ეს კითხვები დაუსვათ? ეს ზეწოლად აღიქმება?", - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ აქ ბუნებრივი წინააღმდეგობაა, რადგან მოსახლეობისთვის გაუგებარია, როდესაც ერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხმას, მართვის სადავეები კი კვლავ უმცირესობაში აღმოჩენილი ძალის ხელშია.
ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ შეხვედრის მიმართ დიდ მოლოდინი არ ჰქონდა.
"დიდი მოლოდინი არც მქონია. გამომდინარე იქედან, რომ ვიცით, ვინ არის სააკაშვილი და როლი აქვს მას დღევანდელ პოლიტიკაში, მოსალოდნელი არც არაფერი იყო, თუმცა არ გვაქვს უფლება, მინიმალური შესაძლებლობა მაინც არ გამოვიყენოთ, რათა ქვეყანაში რყევები აცილებული იყოს. დღეს ის პოლიტიკური შაჰიდის როლს ასრულებს, რომელიც მზადაა, თავი აიფეთქოს", - განაცხადა ხუხაშვილმა.