საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს სასამართლოს მიერ დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილება ეამაყება.
ამის შესახებ წიკლაურმა "პირWელს" უგულავასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
"ზოგადად, აღკვეთის ღონისძიება იმ შემთხვევში გამოიყენება, როდესაც ბრალდებულს რაიმე სახის ზეგავლენის მოხდება შეუძლია მოწმეებზე ან არსებობს საშიშროება, რომ ის გამოძიებას მიემალება. ცხადი გახდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე თითქმის 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობს, არ არსებობს არც ერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ უგულავა მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა. არც იმის საშიშროება არსებობს, რომ უგულავამ შესაძლოა, ქვეყანა დატოვოს, ვინაიდან ის დედაქალაქის არჩეული მერია. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანისას მოსამართლემ ალბათ, აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინა", - აღნიშნა მან.
ამასთან, წიკლაური მიიჩნევს, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი და მნიშვნელოვანია, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც "პროკურატურა ერთი პოლიტიკური ძალის დანამატად გადაიქცა".
"ამ მიმართულებით, სასამართლო არის ფლაგმანი და გარანტი იმისა, რომ არც ერთი ადამიანის უფლება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის "ქართული ოცნების" მომხრე, დარღვეული არ იქნება. სასამართლო სულ უფრო მეტ ნდობას აღძრავს მოქალაქეებში და მე მეამაყება მისი დღევანდელი გადაწყვეტილება", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს გადაწყეტილება ნაწილობრივ მოულოდნელიც იყო, რადგან მათი მოლოდინი უფრო მეტად დედაქალაქის მერის თავდებით გათავისუფლებას ელოდნენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმესაათიანი სხდომის შემდეგ მიიღო.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც უგულავასთვის მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. გარდა ამისა, პროკურატურის მოთხოვნით, უგულავას ქვეყნის დატოვების უფლება არ უნდა ჰქონოდა და კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში უნდა გამოცხადებულიყო.