საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, "საჯარო სასამართლოების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება".
ამის შესახებ მაჭავარიანმა დღეს თბილისის მერ გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედია ამ პროცესს ესწრებოდა. თქვენ თვითონ მოისმინეთ ის აბსურდული, უსუსური ბრალდება, რომელიც ჰქონდა პროკურატურას, პოლიტიკურად მოტივირებული. არ დამალეს, რომ თავდების წინააღმდეგიც იმიტომ იყვნენ, რომ თავდებში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დგებოდნენ. ვფიქრობ, ამითი ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი დაიწყო საჯარო სასამართლოების. ვფიქრობ, რომ პროცესი, რომელიც დაიწყება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ საზოგადოება ნახავს აბსურდულობას ბრალდებებისა", - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა. უგულავას "ტელეიმედის" მითვისებასა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედება ბრალი.