თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, სასამართლოს მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკური იყო.
ამის შესახებ უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა.
"პირველ რიგში, მე მინდა, აღვნიშნო, რომ გადაწყვეტილება იყო ლოგიკური. სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ბრალდების მხარეს არანაირი ლეგალური საფუძველი არ ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების იმ სახეების მოთხოვნის, რაც მათ მოითხოვეს. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივია, მე გამოძიების დაწყებიდან რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ვინაიდან ხელისუფლებამ გადაწყვიტა საგამოძიებო ორგანოების ჩარევა იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც მან ოპოზიციის წინააღმდეგ წამოიწყო, მე და ყველა ჩემი მეგობარი მზად ვართ, ღია სასამართლოს პირობებში და შეჯიბრებითობის საფუძველზე დავადასტუროთ ჩვენი უდანაშაულობა და ბრალდების პოლიტიკური მოტივები", - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ დაცვის მხარე ყველა პროცესის ღიაობას და ტელეკამერების დაშვებას მოითხოვს.
"არ გავურბივარ არც ერთ შეკითხვას და პირიქით, ახლა მე ვითხოვ კითხვებზე პასუხს. ახლა მაქვს განცდა, რომ "იმედის" თავზე ღრუბლები გროვდება, რადგან გამოძიების თანახმად გამოდის, რომ ჯოზეფ ქეი არის "იმედის" მესაკუთრე. საზოგადოება კიდევ ბევრ ფაქტებს შეიტყობს", - აღნიშნა მერმა.
მისივე ინფორმაციით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 აპრილს დაინიშნა.
ცნობისთვის, თბილისის მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას "ტელეიმედის" მითვისებასა და საბიუჯეტო თანხებით "ნაციონალური მოძრაობის" თვალთმაქცურ დაფინანსებაში ედება ბრალი.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა (სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება) და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) აქვს წაყენებული.