თბილისის მერის გიგი უგულავას ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, "იგი სასამართლოს მსგავს გადაწყვეტილებას ელოდა".
"ასეთ გადაწყვეტილებას ველოდი, რადგან ბრალდების მხარის პოზიცია აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის შეფარდების საკითხზე დაუსაბუთებელი იყო. პროკურატურის შუამდგომლობას მოსამართლემ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა. შესაბამისად, საკითხი მის მიერ საქართველოს საზღვრის არდატოვებისა და საგამოძიებო ორგანოში ყოველკვიურეული მისვლისა და ხელმოწერის შესახებ ასევე ღიად დარჩა", - განაცხადა გაბაიძემ.
რაც შეეხება კეზერაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, ადვოკატის თქმით, ვინაიდან კეზერაშვილი არ ესწრებოდა პროცესებს, მოსამართლემ მისთვის პატიმრობის შეფარდება ჩათვალა მიზანშეწონილად.
გაბაიძის თქმით, "სასამართლოს გადაწყვეტილება კეზერაშვილის ნაწილში ვერ გასაჩივრება, რადგან ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება".
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და თბილისის მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეეფარდა.
გიგი უგულავას "ტელეიმედის" მითვისებასა და საბიუჯეტო თანხებით "ნაციონალური მოძრაობის" თვალთმაქცურ დაფინანსებაში ედება ბრალი.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა (სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება) და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) აქვს წაყენებული.