დეპუტატი სერგო რატიანი საქართველოს პარლამენტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის საზედამხედველო ორგანოს – რეგენტთა საბჭოს გაუქმების ინიციატივით მიმართავს.
სწორედ ამას ითვალისწინებს რატიანის ავტორობით მომზადებული "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
რეგენტთა საბჭო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით, მთავრობის მიერ არის შექმნილი. კანონის გათვალისწინებით, სწორედ რეგენტთა საბჭო წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას დასამტკიცებლად. კოლეგიური ორგანოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს რეგენტთა საბჭო ნიშნავს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის წესსაც რეგენტთა საბჭო ადგენს.
საბჭო ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. ასევე ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს წარდგინებით ითანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის დირექტორის კანდიდატურას და ასე შემდეგ.
სერგო რატიანი რეგენტთა საბჭოს გაუქმების შესახებ პარლამენტისთვის შეთავაზებული ინიციატივის მთავარ მოტივაციად უნივერსიტეტების ავტონომიურობის გაფართოებას ასახელებს.
ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ შემუშავებული პროექტის თანახმად, რეგენტთა საბჭოს ფუნქციებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის და ადმინისტრაციის ხელმძვანელის დანიშვა-გათავისუფლების უფლება თავად უნივერსიტეტებს, კერძოდ კი, მათ კოლეგიურ ორგანოებს გადაეცემა. ამასთან, რეგენტთა საბჭოზე დაკისრებული უფლებამოსილებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების განკარგვისა და შესყიდვის ნაწილში შესაბამის სამინისტროებს გადაეცემა. ამავე პროექტის თანახმად, უმაღლესი სასწავლებლების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გაყიდვა და უფლებრივი დატვირთვა ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს, ხოლო გამარტივებული გზით შესყიდვის გახორციელება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით იქნება შესაძლებელი.