დღეს სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
სომხეთის ისტორიაში მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ქვეყნის მასშტაბით 1988 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა სიაში დაახლოებით 2,5 მლნ ადამიანია. სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების დღე უქმედ არის გამოცხადებული.
პრეზიდენტობისთვის იბრძვის მოქმედი პრეზიდენტი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი სერჟ სარქისიანი, რომელიც რესპუბლიკაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ფავორიტად ითვლება.
არჩევნებში ასევე მონაწილეობენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტია "თავისუფლების" ლიდერი გრანტ ბაგრატიანი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტია "მემკვიდრეობის" ლიდერი რაფი ოვანესიანი, მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი არმან მელიკიანი, პოლიტოლოგი ანდრიას გუკასიანი, ეპოსის სპეციალისტი ვარდან სედრაკიანი და პარტია "ეროვნული თვითგამორკვევის გაერთიანების" ლიდერი პაპური აირიკიანი.
კიდევ ერთმა კანდიდატმა, პარტია "ეროვნული თანხმობის" ლიდერმა არამ არუთიანიამ 8 თებერვალს კანდიდატურა მოხსნა.