პარლამენტში დღეს ელჩობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენენ. საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის , ასევე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნატალია საბანიძისა და კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურებს განიხილავენ.
ელჩობის კანდიდატები დეპუტატების წინაშე, სავარაუდოდ, დახურულ ფორმატში, თანამდებობებზე დამტკიცების შემთხვევაში სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრებენ. ისინი კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხებენ.
ნატალია საბანიძის კანდიდატურა ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ასევე ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად არის წარდგენილი.
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი კი ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზეა წარდგენილი, რომელიც ამავდროულად ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იქნება.
საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ქვეყნის ელჩობის კანდიდატს ორი კვირის წინ უკვე მოუსმინეს.