სააქციო საზოგადოება "ქართული ფოლადის" რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები დღეს დილიდან გაფიცულები არიან.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დილიდან გაჩერებულია საწარმოს ძირითადი, ფოლადსადნობი და მილსაბრუნავი საამქროები, ქარხნის მუშები მოითხოვენ ხელფასების გაზრდას, სათანადო სამუშაო პირობების შექმნას. ადგილზე იმყოფება გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანაია.
როგორც ლავრენტი ალანაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მუშები მოითხოვენ ხელფასების გაზრდას, ასევე ხელფასების დრულად გაცემას, სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, ჯანმრთელობის დაზღვევას და შვებულებების ნორმალურ პირობებს.
აქციის დაახლოებით 200 მონაწილე მეტალურგიული ქარხნის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზეა შეკრებილი. ისინი დაშლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილებს მანამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ამასთან, მუშები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს, რომელშიც ქარხნის გაფიცული მუშების 5 და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები შევლენ. საინიციატივო ჯგუფი მოლაპარაკებას ქარხნის ხელმძღვანელობასთან გამართავს.