მე მივალ მხოლოდ იმ პარლამენტში, რომელიც ქუთაისშია. არანაირ სხვა პარლამენტში მისვლას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა .
პრეზიდენტის განმარტებით, პირადად მისთვის პარლამენტი მხოლოდ ქუთაისშია. "როგორც კი ამ პარლამენტის გადმოტანის საკითხი დადგება, ეს იქნება უკანონო, კონსტიტუციაში უკანონო გადატრიალება და საქართველო აღმოჩნდება სულ სხვა პოლიტიკური რეალობის წინაშე. ამიტომ მინდა, რომ მთავრობამ ეს კი არ გააკეთოს, არამედ მინდა, რომ კონსენსუსის გზით, 150 ხმით, ჩვენთან კონსულტაციით შევცვალოთ და დავხვეწოთ კონსტიტუცია, ეს ერთადერთი გზაა. მეორე გზაა, დეპუტატ ლემონჯავას ბოლომდე გადავუგრიხოთ ხელი და დავაჭერინოთ ის "გარაჟის" აღებისთვის. მესამე გზა არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი ამ განცხადების საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს მესამე გზა და ის უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტია, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას შეეხება.
"მესამე გზაზე მე მოგახსენებთ, ის დაწერილიცაა. ჩვენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლის სანაცვლოდ არც არავის ვაშანტაჟებთ, უბრალოდ ვამბობთ, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ვიქნებით მზად სხვა საკითხებზე სასაუბროდ. გადაწყვეტილება კი იქნება ან ისეთი, ან ასეთი. ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, ქუთაისის პარლამენტში მის გამოსვლასთან დაკავშირებით, პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ის "დაამშვიდა" და განუმარტა, რომ მას სწორედ იქ მოუწევს გამოსვლა.
"რა თქმა უნდა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ქუთაისის პარლამენტში მოგიწევთ გამოსვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს მოსმენას ნოემბერში ან დეკემბერში, როცა აღარ იქნებით პრეზიდენტი და როცა პარლამენტი შეიძლება იყოს სხვაგან. პარლამენტის შენობა იმდენად მიანგრ-მოანგრიეთ, რომ მის ჭკუაზე მოყვანას 6 თვე მაინც სჭირდება", - აღნიშნა უსუფაშვილმა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა დასძინა, რომ მისთვის კარგი ამბავია, თუკი ნოემბრამდე პარლამენტს თბილისში გადმოტანა "არ ემუქრება".