საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო დროს სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს .
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მხარეთა შორის კოჰაბიტაციის მცდელობის მიუხედავად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში რამდენიმე სამწუხარო მომენტი გამოიკვეთა.
"აშკარაა, რომ სახელმწიფოში შეიმჩნევა პოლიტიკური წრეების უკიდურესი პოლარიზაცია, რასაც საზოგადოებაში გარკვეული არაპოზიტიური განწყობა შემოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ბევრი დადებითი გადაწყვეტილება მისასალმებელია, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ასევე თვალშისაცემად გახშირდა სხვადასხვა ნიადაგსა თუ საფუძველზე სიძულვილის ენის ტირაჟირება. ადგილი ჰქონდა როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ ნიადაგზე პირთა შორის შეხლა-შემოხლას. ამას თან ერთვის საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები. რიგ შემთხვევებში ისმის მოწოდებები ძალადობის შესახებ და შესაძლოა იკვეთებოდეს ხელოვნური დაძაბულობის მაპროვოცირებელი ქმედებებიც", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის შეფასებით, ქვეყანაში ძირითად ორ პოლიტიკურ ძალას შორის არსებული საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობისთვის. ომბუდსმენი ორივე ძალას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იყოს აცილებული შემდგომი შესაძლო კონფრონტაცია, ძალადობა და სიძულვილის ენის ტირაჟირება.
"მე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, მოვუწოდებ ერთი მხრივ თითოეულ საჯარო მოხელესა თუ თანამდებობის პირს, გააცნობიერონ მათზე დაკისრებული მოვალეობები და პასუხისმგებლობები, ხოლო მეორე მხრივ, მივმართავ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ თავიანთი, თუნდაც რადიკალურად განსხვავებული პოზიციების გამოხატვის ფორმებს. აუცილებელია ყველა საჭირო ღონისძიება გატარდეს იმისთვის, რომ დღეს ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა არ გადაიზარდოს უფრო ფართო მასშტაბის დაპირისპირებაში, ხოლო პოლიტიკური პროცესები უნდა დაუბრუნდეს დიალოგის რეჟიმს. ორივე პოლიტიკური ძალის, პირველ რიგში ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა ქვეყნის უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვა", -ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.