ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ანაკლიაში მოქალაქეთა ნაწილს 2008- 2009 წელს მიწის ნაკვეთები სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პრკურატურის წარმომადგენლების ზეწოლის შედეგად ჩამოართვეს, - ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის იურისტმა ანა ქოჩუამ ზუგდიდის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ანაკლიის მკვიდრებმა, გოჩა ქარდავამ, გონელი ფუტკარაძემ და ზურაბ ჯიქიამ მათ საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის დოკუმენტს ხელი პროკურატურის ზეწოლის შედეგად მოაწერეს.
იურისტის თქმით, სახელმწიფოსთვის მიწის გადაცემის საკითხზე პროკურატურაში ანაკლიის მკვიდრები, რეზო ჯღერია და მურთაზ შონიაც იყვნენ დაბარებული, თუმცა, სახელმწიფოსთვის მიწის საკუთარი სურვილით გადაცემის შესახებ განცხადებისთვის ხელი არ მოუწერიათ და მათთან მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება შედგა. ანა ქოჩუას განმარტებით, სახელმწიფომ ასევე უნებართვოდ მიითვისა ზუგდიდის საკრებულოს წევრ დავით სხულუხიას მიწის ნაკვეთი ანაკლიაში. ჩამორთმეულ მიწებზე კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გარკვეული ობიექტების მშენებლობა დაიწყო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება პროკურატურის მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე. ორგანიზაცია ასევე მიმართავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ზომები მოქალაქეებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების უფლების აღდგენასთან დაკავშირებით.
სახელმწიფოს მხრიდან ასევე სასწრაფო რეაგირებას ელოდებიან ანაკლიის მკვიდრები რეზო ჯღერია და მურთაზ შონია. მათ შესაბამისი განცხადებები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველს" ზუგდიდის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
მურთაზ შონიას თქმით, ყველა დაზარალებულ მოქალაქეს წართმეული მიწები კანონის სრული დაცვით აქვს გაფორმებული და არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმეტაცია, მათ შორის მიწების საკადასტრო ნახაზების ელექტრონული ვერსიაც.