თბილისის საქალაქო სასამართლომ გელა მამალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
აღნიშნულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "2013 წლის 10 თებერვალს ძველი თბილისის რაიონულმა პროკურატურამ შუამდგომლობით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ გელა მამალაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს - 2000 ლარის შეფარდების თაობაზე. 2013 წლის 11 თებერვალს, სასამართლომ განიხილა და სრულად დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა. ბრალდებულ გელა მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით.
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდებულისათვის 1000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, ვინაიდან ბრალდებულის განმარტებით, იგი მკვეთრად უარყოფითადაა განწყობილი დაზარალებულებისა და მათი თანამოაზრეების მიმართ, რის გამოც სასამართლოს მიერ მიიჩნეულ იქნა, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. გირაოს - 2000 ლარის სრული მოცულობით გადახდის შემდეგ, ბრალდებული გათავისუფლდება პატიმრობიდან.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 21 მარტს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში",-აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.