კახა კუკავა, იოსებ შატბერაშვილი, კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე, კონსტანტინე გუგუშვილი და დავით ვერძეული პროკურატურას მიმართავენ და 2005 წლის 2 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე მომხდარი მოვლნების გამოძიებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით მიმართვა მათ დღეს გაავრცელეს
"ვგმობთ პოლიტიკაში ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, განსაკუთრებით მიუღებელია როგორც სამართლებრივი, ისე ზნეობრივი თვალსაზრისით ქალბატონისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფა. იმავდროულად საზოგადოება, არ უნდა წამოეგოს პროვოკაციას და არ უნდა შეაფასოს მოვლენები ორმაგი სტანდარტით, კონტექსტიდან ამოგლეჯილად. აუცილებელია პროკურატურამ გამოიძიოს არა მხოლოდ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენები, არამედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პოლიტიკური რეპრესიის განხორციელებული სხვა უამრავი ფაქტი.
ამჯერად გვსურს პროკურატურას მოვუწოდოთ, გამოძიებულ იყოს 2005 წლის 2 დეკემბერს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განხორციელებული უპრეცენდენტო თავდასხმა, როდესაც რამდენიმე ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, საკრებულოს სხდომაზე, სადაც განიხილებოდა თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი, შემოიჭრა ნაციონალური მოძრაობას დაქვემდებარებაში მყოფი უკანონო (ე.წ. ზონდერ) ფორმირება, რომელიც სასტიკად გაუსწორდა იქ მყოფ პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებს.
ჩვენ როგორც ზემოთ აღნიშნული მოვლენების უშუალო მონაწილეები, მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიებული იქნეს აღნიშნული ფაქტი და კანონის თანახმათ მიეცეს სამართლებრივი შეფასება", - ნათქვამია მიმართვაში.