ქვეყნის დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის საკითხი შესაძლოა, განახლებული კონსტიტუციის პრეამბულაში იყოს წარმოდგენილი. აღნიშნული თემა სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მსჯელობის ერთ-ერთი საგანი იქნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ განცხადებაში იმას მიანიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შემთხვევაში, რომელმაც ბევრ სხვა თემაზეც უნდა იმსჯელოს, თუ იქნება დასაბუთებული და საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან მოწოდებული იდეა, კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაიწეროს, რომ ქართველი ერის ისტორიული არჩევანი არის ევროპისკენ მისწრაფება. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამით საქმე არ ფუჭდება, კონსტიტუცია არ კნინდება და ასეთი სანაწერი მსოფლიოში ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, ჩანაწერის გაკეთებით პრობლემა არ არსებობს", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
დავით უსუფაშვილი ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული იდეის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გახმაურება ზოგადად, სიახლის შემცველი არ არის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სწორედ გუშინ გავიდა დრო, როცა ფრაქციებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან გადაგზავნილ დოკუმენტზე საკუთარი შენიშვნები უნდა გადმოეგზავნათ. დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ინტერფრაქციულ რეჟიმში პარლამენტს მიღებული ჰქონდეს პოლიტიკური რეზოლუცია.