აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი თავდაცვის სამინისტროს 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმას იწონებს.
როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან, ირაკლი ალასანიას მიერ წარდგენილი "მინისტრის ხედვის" კომენტირებისას აღნიშნა, აშკარაა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნატო-სთან თავსებადობის ხაზგასმა გრძელდება.
"ეს ის სფეროებია, სადაც აშშ აგრძელებს საქართველოს წინსვლას დაეხმაროს. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ავღანეთში საქართველოს მონაწილეობისთვის და მისი წვლილისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების სხვა ოპერაციებში. ვფიქრობთ, თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამინისტროს 2013-2014 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას წარუდგინა.
დოკუმენტში "მინისტრის ხედვა" გაწერილია თავდაცვის უწყების პრიორიტეტები და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებები.