საქართველოს პროევროპული არჩევანი არის ქართველი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ლატვიის სეიმის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ , ჟურნალისტების კითხვის - კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო კურსის დაფიქსირების თაობაზე, საპასუხოდ განაცხადა.
"მე არ ვარ საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი და ჩემს უფლებამოსილებებს აღემატება ვთქვა, თუ რა შეიძლება იდოს კონსტიტუციაში და რა არა - მაგრამ ქართველი ხალხის არჩევანი, რომელიც არის ევროპული გზა და რომელშიც ეჭვი არავის არ ეპარება, ჩემი აზრით შეიძლება იყოს დაფიქსირებული კონსტიტუციაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ამის სპეციალისტი არ ვარ და ჩემს თავზე იმაზე მეტს ვერ ავიღებ რაც შემიძლია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ 14 პუნქტიან ინტერფრაქციულ დოკუმენტს და როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ეს არის ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომელიც ბვევრ საკითხს მოიცავს და ის მჯელობას იმსახურებს.
"მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბდება ეს დოკუმენტი. ეს არის პირველი შეთავაზება. მასზე მსჯელობა შეიძლება, თუ რა დარჩება ამ დოკუმენტში და რა არა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი საფუძველი, ძალიან კარგი სამუშაო დოკუმენტი, რომელზედაც შეიძლება უფრო ფართო მსჯელობა გაიმართოს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა ამ შეთავაზებას "ნაციონალური მოძრაობა" - ფანჯიკიძე ფიქრობს, რომ ეს 14 პუნქტი აბსოლუტურად ყველაფერს მოიცავს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის.
"მე ვფიქრობ, თუკი კოჰაბიტაციის სურვილი გააჩნია "ნაციონალურ მოძრაობას" ნებისმიერ დოკუმენტზე მუშაობა და მსჯელობა შეიძლება. ეს არის სწორედ ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა ნამდვილად მოხდება", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.