12-13 თებერვალს თბილისში გაიმართება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ქართული მხრიდან უმასპინძლებს
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ასევე, საქართველოს მხრიდან არაფორმალურ დიალოგში მონაწილეობას მიიღებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.
ევროკავშირის მხრიდან - გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევოკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ტრანსპორტის დარგში სიიმ კალასი. "აღმოსავლეთ პარტნიორობის" აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ეწვევიან ინიციატივაში ჩართული ყველა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები.
ღონისძიების მონაწილეები "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შემდგომი განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე შეხვედრაზე განიხილება სექტორული, კერძოდ ტრანსპორტის სფეროში დიალოგის საკითხებიც.
საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება თავისთავად იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ წინ უსწრებს 2013 წლის 28-29 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მესამე სამიტს და სამიტისთვის უფრო ეფექტურად მომზადების შასაძლებლობას იძლევა.
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის ფორმატი 2012 წლის 17 აპრილს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონისა და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს ინიციატივით შემოიღეს. "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის პირველი შეხვედრა 2012 წლის 5 ივნისს კიშინიოვში გაიმართა.