საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონსტიტუციის სამართლის უცხოელ ექსპერტებს ხვდებიან. შეხვედრა ამ წუთებში იუსტიციის სახლში მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
როგორც "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სავარაუდოდ, დღევანდელი შეხვედრის განხილვის თემა იქნება, როგორც პარლამენტში უკვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციის ფუნდამენტურად გადახედვის გეგმა, რასთანაც დაკავშირებით უახლოეს მომავალში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება.
ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას უკვე ინიცირებულ საკონსტიტუციო პროექტებთან დაკავშირებით აღნიშნა - მათი საჯარო საყოველთაო განხილვისას ნათელი გახდა, რომ საპარლამენტო უმცირესობა იმთავითვე უფრო მეტად კრიტიკული იყო პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვის ინიციატივასთან მიმართებაში. შესაბამისად, ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებობს რესურსი, რათა პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე მხარეებს შორის კონსესუსი შედგეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმოამდგენელი ვახუშტი მენაბდე კი აცხადებს, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუცია გადასინჯვას საჭიროებს, რადგან მოქმედი რედაქციაში კრიზისული მომენტია. ამიტომ, მისივე შეფასებით, დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმა საჭირო და დროულია. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია, ის კონსესუსზე იყოს ორიენტირებული.