საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდთან (GFSIS) ორი ახალი კვლევითი ცენტრი შეიქმნა. ცენტრების სახელწოდებებია – "გამოყენებითი ეკონომიკის კვლევისა" და "ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის" ცენტრები.
გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრს პროფესორი ლადო პაპავა უხელმძვანელებს, ხოლო ფინასური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევით ცენტრს - პროფესორი მერაბ კაკულია.
გამოყენებითი ეკონომიკის კვლევითი ცენტრის თემატიკა მოიცავს ეკონომიკური განვითარების; ეკონომიკური, მათ შორის ფისკალური და საინვესტიციო, პოლიტიკის; ინფრასტრუქტურის ეკონომიკის, გეოეკონომიკის და სხვა პრობლემებს, ხოლო ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის საქმიანობა კი ფოკუსირებული იქნება ინფლაციისა და გაცვლითი კურსის, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, საბანკო სექტორის, სავაჭრო პოლიტიკის და საგადასახდელო ბალანსის პრობლემებზე.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (პრეზიდენტი პროფესორი ალექსანდრე რონდელი) 2001 წლიდან მუშაობს. პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ სულ ახლახან გამოქვეყნებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანალიტიკური პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების (Think Taks) რეიტინგში GGFSIS-მა მე-19 ადგილი დაიკავა.