ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ბარაკის ტიპის 9 საცხოვრებელი დაიწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის შედეგად მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ინვენტარი დაეწვა. მოსახლეობის განცხადებით, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და საოჯახო ნივთების გამოტანა ვერ მოასწრეს.
"ყველაფერი დაგვეწვა, ბავშვის კომპიუტერი და წიგნებიც კი ვერ გამოვიტანეთ. ხანძარიაო იყვირეს, გამოვედით და 5 წუთში დაიწყვა ყველაფერი", - აღნიშნა რუსუდან ქათამაძემ.
ბარაკის ტიპის საცხოვრებელი სახლები მარინა მორთულაძის საკუთრება იყო, რომელიც მას გაქირავებული ჰქონდა. როგორც მარინა მორთულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხანძარი სავარაუდოდ, ელექტროენერგიის სადენებიდან გაჩნდა. მისივე თქმით, სახანძრო ბრიგადებმა ადგილზე მისვლა დააგვიანეს.
"სახანძროში დავრეკეთ და მათ მოსვლას საშველი აღარ დაადგა. ვედროებით წყალი ვასხით და ვერ ჩავაქრეთ. მოვიდა სახანძროს ერთი მანქანა, რომელმაც ვერ ხანძრის ლოკალიზება ვერ შეძლო. შემდეგ კიდევ ხუთი ბრიგადა მოვიდა", - აღნიშნა მარინა მორთულაძემ.
როგორც ბათუმის მერიის სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსმა ხუსეინ სირაბიძემ განაცხადა, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა, თუმცა ყველაფერი დაიწვა.
"შეტყობინება 18:27 წუთზე შემოვიდა სადისპეტჩერო პულტზე. 6 ავტოცისტერნა გავიდა ხანძრის ქრობაზე, მაგრამ გამოძახება დაგვიანებული იყო. ადგილზე რომ მოვედით, სახლები მთლიანად გახვეული იყო ცეცხლის ალში. 18:52 წუთზე ლიკვიდირებული იყო ხანძარი, თუმცა ყველაფერი დაიწვა", - აღნიშნა ჰუსეინ სირაბიძემ.