დეპუტატ თინათინ ხიდაშელის აზრით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან "არაადეკვატურობის მწვერვალს აქვს ადგილი". ასე აფასებს ხიდაშელი "ნაციონალ" დეპუტატთა გადაწყვეტილებას, ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებში არ გამოცხადდნენ და ჩვენება გამოძიებას პარტიის ოფისში მისცენ.
"ცალსახად ვაცხადებ, ის, რაც მოხდა ძალიან ცუდი ფაქტია, არის დასაგმობი და არ შეიძლება ქვეყანაში ასეთი რამ ხდებოდეს. ამასთან, როდესაც ისტერიკას ტეხავ, რომ ხარ დაჩაგრული და გცემენ და, ამასთან, უარს ამბობ, გამოძიებას იმ ფაქტზე მისცე ჩვენება, რის გამოძიებასაც თავად ითხოვ, ეს არაადეკვატურობის მწვერვალია", - აცხადებს თინა ხიდაშელი.
დეპუტატი საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ყველა ჯერზე, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებენ, თავადვე მივიდნენ მათთან დასაკითხად.
"ორ შემთხვევაში მიდის გამომძიებელი პირთან დასაკითხად: - ერთ შემთხვევაში, როდესაც პატიმარია ან არის ავადმყოფი. ყველა სხვა შემთხვევაში ადამიანი აქეთ მიდის საგამოძიებო ორგანოებში. თუ მათ თავადვე შეიზღუდეს თავისუფლება და თვლიან, რომ პატიმრები არიან, პ რობლემა არ არის - მათთან გამოძიება მივა. მთავარია, რომ დაკითხვა შედგეს", - აცხადებს თინა ხიდაშელი.