საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების 150-ხმიანი მხარდაჭერით მიღწევას სთავაზობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა, კონსტიტუცია დახვეწას საჭიროებს და "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამ კუთხით თანამშრომლობისთვის მზადაა. მისივე თქმით, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ცვლილებების აუცილებლობას ვერ ხედავს.
"როდესაც იქნება ასეთი ცვლილებების აუცილებლობა, ეს უნდა მოხდეს 150 და არა 100 ხმით. თუ არის კონსტიტუციური ცვლილებები, ყველამ გავაკეთოთ ის და არა ცალკე აღებულმა რომელიმე ფრაქციამ, ჯგუფმა ან მოსყიდულმა, დაშინებულმა გადათრეულმა დეპუტატებმა. როგორც მზვერავს მოიტაცებ მოწინააღმდეგის მხრიდან და გადაათრევ გაკოჭილს და პირში ჩვარჩადებულს, ისე მოუნდათ ჩვენგან გატაცებული დეპუტატებით ამ საკითხის გადაწყვეტა. საკმარისი მზვერავები ვერ გადაიყვანეს. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა, მოდით გავხსნათ ფართო საკონსტიტუციო დისკუსია, ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს ქაოსი და კრიმინალმა არ გაიმარჯვოს, შევინარჩუნოთ ქვეყანა, პოლიტიკური კურსი და სუვერენიტეტი, საკონსტიტუციო ცვლილებაზე 150 ხმიანი კონსენსუსის მიღწევას შევძლებთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.