"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე პარტნიორ პარტიებს ბოდიშს უხდის და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადახედონ რაიონულ ორგანიზაციების შემადგენლობას. კოალიციაში შემავალ პარტიებში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩანერგილ აქტივისტების შესახებ დავით საგანელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში მან "თავისუფალი დემოკრატების" გარდა პოლიტიკური გაერთიანებები "ეროვნული ფორუმი", "მრეწველები" და "კონსერვატორებიც" ახსენა.
დავით საგანელიძის განმარტებით, აბაშის რაიონში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები, რომლებიც რაიონის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გვილავას არჩევას აპროტესტებდნენ და ამ პროტესტის გამოსახატავად ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან შეიკრიბნენ, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები არიან.
ამასთან, როგორც დღეს საგანელიძემ აღნიშნა, "თავისუფალი დემოკრატების" გარდა, მათ შორის ერთი "ფორუმის" და ერთიც "მრეწველების" წევრი იყო. მისივე ცნობით, ასპინძასა და ადიგენში დაგეგმილ კონფერენციების ჩაშლაში მონაწილეობდნენ "კონსერვატორების" წევრები.
დავით საგანელიძე ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს, რომ მომხდარი ინციდენტები ხსენებული პარტიების პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან იყოს წამოსული და ცალსახად დარწმუნებულია, რომ მთელი ამ პროცესის უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას, რომლის მიზანსაც "ქართული ოცნების" დისკრედიტაცია წარმოადგენს.
გარდა ამისა, დავით საგანელიძემ განმარტა, რომ "ქართული ოცნება" დიფერენცირების რეჟიმში და დემოკრატიულობის პრინციპის დაცვით პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავმჯდომარეობის კანდიდატურებს ასარჩევად წარუდგენს, იმის მიუხედავად, რომ პარტიას წესდებით შეუძლია პირდაპირ დანიშნოს ესა თუ ის კანდიდატი. მისივე თქმით, თუკი კანდიდატს უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს, მაშინ პოლიტსაბჭო და საორგანიზაციო ჯგუფს შეუძლია ასარჩევად პარტიულ ორგანიზაციას სხვა კანდიდატი წარუდგინონ.
გარდა ამისა, დავით საგანელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კოალიციაში შემავალ პოლიტიკური პარტნიორების მისამართით ბოდიში მოიხადა, რომ მათ აღნიშნული ინფორმაცია მედიის მხრიდან შეიტყვეს და მათთან პირადად არ ჰქონდა ამ თემაზე საუბარი. ეს მიზეზი დავით საგანელიძემ დროის სიმცირეს დაუკავშირა. აღსანიშნავია, რომ დავით საგანელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, რომ "თავისუფალ დემოკრატებს" რაიონული ორგანიზაციებიდან რიგი წარმომადგენლების გარიცხვის მოთხოვნით მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებდა, რომ "სხვა დასკვნებს გამოიტანს".
საქმე სხვადასხვა რაიონებში, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას მომხდარ ინციდენტებსა და ჩაშლილ კონფერენციებს ეხება, სადაც დავით საგანელიძემ, როგორც თავად აცხადებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან ერთად, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებიც "ამოიცნო".