"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ბათუმში, სასტუმრო "რედისონში" კვლევის – "სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზის" პრეზენტაცია წარმოადგინა.
როგორც ჟურნალისტებს საია-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკატერინე ფოფხაძე განუცხადა, მათ მიერ შესწავლილ საქმეებში სისხლის სამართლის მატერიალური და პროცესუალური ნორმების ძალიან უხეში და აშკარა დარღვევა გამოვლინდა. მისი თქმით, კვლევაში აჭარის ტელევიზიასთან 2011 წელს მომხდარი ინცინდენტიც მოხვდა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოსცა მეორე ანგარიში, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პატიმრების საკითხს ეხება. ამ ანგარიშში გავაანალიზეთ 2011 წლის 26 მაისსთან დაკავშირებული, ასევე ის საქმეები, რომელზეც საზოგადოებაში ეჭვი იყო პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში მოხვდა აჭარის ტელევიზიაში 2011 წლის 21 მაისს მომხდარი ინცინდენტის საქმეც. საბოლოო ჯამში, ყველა იმ საქმეში სისხლის სამართლის მატერიალური და პროცესუალური ნორმების ძალიან უხეში და აშკარა დარღვევა", - აღნიშნა ეკატერინე ფოფხაძემ.
საია-ს კვლევის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზმა გამოავლინა კანონის არსებითი დარღვევა და უარყოფითი ტენდენციები როგორც გამოძების ორგანოების, ისე სასამართლოს მხრიდან, რაც, საია-ს შეფასებით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების განხორციელებას; კერძოდ გამოვლინდა: ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაკავება ხშირ შემთხვევაში იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო ფლობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით; ბრალდებულების კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევა; საქმის არასრულყოფილი გამოძიება; ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი მტკიცებულებები; დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია.
საია-მ კონკრეტული რეკომენდაციებიც მოამზადა. კვლევის პრეზენტაციას აჭარის ტელევიზიის ინცინდენტში მონაწილე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირებიც ესწრებოდნენ.