პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სთხოვს, რომ ამნისტიის შესახებ კანონის დროულად აღსრულებისთვის სასამართლოების მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს.
,,გვქონდა საუბარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელმაც ბრძანა, რომ შესაძლოა, 2 თვე არ იყოს საკმარისი სასამართლოების მიერ, საქმეების განხილვისთვის. მე მათ ვთხოვე, რომ მოხდეს სასამართლოების მაქსიმალური მობილიზება და კანონით დადგენილი 2 თვე საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ყველას შეეხოს ამნისტიის შესახებ კანონის მოქმედება”, - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის ინფორმაციით, ამნისტიის კანონი ხელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ გადაეგზავნება საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად. კანონი ძალაში დღეს, 00:00 საათზე შევა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კანონის აღსრულება ხვალიდან პოლიტიკური პატიმარის სტატუსის მქონე პირებით დაიწყება, რომლებიც საპყრობილეებს ხვალვე დატოვებენ.
,,რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, მათ საქმეებს კიდევ სჭირდება დამატებითი პროცედურები, თუმცა როგორც მე ვიცი, ყველა უწყება მობილიზებულია და უახლოესი 2 თვის განმავლობაში ყველას ექნება საშუალება, ისარგებლოს კანონით მინიჭებული უფლებით”, - განაცხადა უსუფაშვილმა.