ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ლევან ცინცაძეს მიაჩნია, რომ უდანაშაულოა, შეუძლია საქმის გადახედვა მოითხოვოს და ის ამას არ შეეწინააღმდეგება.
ამის შესახებ, კახა კალაძემ ტელეკომპანია ,,იმედს” განუცხადა.
,,ძალიან დიდი დანაშაული და ძალიან დიდი ცოდვაა, როდესაც ადამიანს კლავ. ასევე, ძალიან დიდი დანაშაულია და დიდი ცოდვაა, თუ ადამიანი უდანაშაულოა და ის იხდის სასჯელს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ამ ადამიანს მიაჩნია, რომ უდანაშულოა, მას შეუძლია საქმის გადახედვა მოითხოვოს. მე ამას არ შევეწინააღმდეგები”, - განაცხადა კალაძემ.
ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლევან ცინცაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიტანა.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვს. მისივე თქმით, ლევან ცინცაძე უკვე მეოთხე დღეა, შიმშილობს.
,,მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყველა ადამიანს, რომელიც მიიჩნევს თავს უკანონოდ მსჯავრდებულად, განცხადება შეეტანა პროკურატურაში, შევიტანეთ დაახლოებით 60-გვერდიანი საჩივარი, თუმცა, დღემდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. როგორც პროკურატურაში განგვიცხადეს, ამ საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს მექანიზმი”, - განაცხადა ირმა ჭკადუამ. მისივე თქმით, ლევან ცინცაძე ამ საქმეში უდანაშაულოა.
,,ჩვენ უამრავი ახალი მტკიცებულებით მოვითხოვდით ახალი გამოძიების დაწყებას ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა, არანაირი რეაგირება არ არის. ცინცაძე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე არ დამტკიცდება, რომ ის უდანაშაულოა და არ ჩატარდება ხელახალი გამოძიება. განსაკუთრებით დიდი ბოდიშის მოხდით ის მიმართავს ლევან კალაძის ძმას, კახი კალაძეს, რომ იქნებ ის მაინც დაინტერესდეს ამ საქმით. ის აცნობიერებს, რომ ოჯახისთვის ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, მაგრამ მიაჩნია, რომ ოჯახი იმსახურებს, იცოდეს სიმართლე. ის ასევე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, რომ დაინტერესდნენ, თუ ვინ არიან რეალურად ლევან კალაძის მკვლელები”, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ჭკადუამ, ცინცაძის განცხადებასთან ერთად, პროკურატურას გადასცა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ფილმი. როგორც ჭკადუა აცხადებს, ამ ფილმში საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალებია გახმაურებული.