მომავალ კვირას, პარლამენტი საქმიანობას რიგგარეშე სესიის ფორმატში განაახლებს.
From.ge-ს ინფორმაციით, 14 იანვარს ბიუროს სხდომა გაიმართება და სასესიო სხდომების დღის წესრიგი შეჯერდება.
ბიუროს სხდომის გარდა, მომავალ კვირას, რიგგარეშე სხდომებიც გაიმართება. სხდომების ჩატარებისთვის კი, პარლამენტი ნებართვას პრეზიდენტს სთხოვს.
იანვარში სასესიო სხდომებზე, სავარაუდოდ, იმ ელჩების კანდიდატების შესახებ იმსჯელებენ, რომლებიც უკვე სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოიწვიეს. კერძოდ, ამ დროისთვის, გამოწვეულია ის ექვსი ელჩი, რომლებსაც როტაციის თანახმად, ვადა 1-ელ აპრილამდე ეწურებოდათ. ესენი არიან - ვენასა და ეუთო-ში საქართველოს წარმომადგენლები, ასევე უნგრეთში, ჩეხეთში, უკრაინასა და ლატვიაში. ამასთან, თანანმდებობას დატოვა - ამერიკაში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილიც.
რაც შეეხება საგაზაფხულო სესიას, რეგლამენის მიხედვით, სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. საგაზაფხულო სესიაზე კი, პარლამენტს ახალი ინიციატივების გარდა, მსჯელობა ორ საკონსტიტუციო ცვლილებაზეც მოუწევს. კერძოდ, ერთ-ერთი ცვლილება კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას გულისხმობს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქუთაისია. ხოლო, მეორე ცვლილებებით, უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევდა, მთავრობა გადაეყენებინა პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ამასთან, პრეზიდენტს შესაძლებლობა ეძლევა, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტმა საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს დახურა და საქმიანობა 28 დეკემბრამდე რიგგარეშე ფორმატში გააგრძელა.