"ამნისტიის " კანონი დღეს, 00:00 საათიდან შევა ძალაში

"ამნისტიის შესახებ" კანონი  დღეს, 00:00 საათიდან შევა ძალაში.  ციხეებს პირველად პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 190 პირი დატოვებს. როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის  განაცხადებით, "პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მხოლოდ ერთი საათი დასჭირდება".
"როგორც კი ხელი მოეწერება დოკუმენტს და კანონი ძალაში შევა, მეორე დღეს, 13 იანვარს დილითვე დავიწყებთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლებას. ყველა საპყრობილის კარი ერთდროულად გაიღება და 190-ვე ადამიანი დატოვებს ციხეებს. ეს პროცესი სულ რაღაც ერთ საათს გასტანს", - აცხადებსსოზარ სუბარი
რაც შეეხება დანარჩენ პატიმრებს, პარლამენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს სასამართლოსთვის შესაბამისი საქმეების გადასაგზავნად ორკვირიანი ვადა მისცა.
"ჩვენ გვაქვს ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ სასამართლოებს პატიმართა საქმეები გადავუგზავნოთ, თუმცა მზად ვართ ეს პირველივე დღიდან დავიწყოთ და თავის მხრივ, იმედი გვაქვს, რომ სასამართლოც ჩაეტევა იმ ორთვიან ვადაში, რაც მას პატიმრების გათავისუფლებისთვის აქვს განსაზღვრული. ორთვიანი ვადა არ ნიშნავს, რომ ორი თვის თავზე გათავისუფლდება ყველა მსჯავრდებული – ეს პროცესი დაიწყება პირველივე დღეს და ორი თვის ვადაში დასრულდება", - აღნიშნა სუბარმა.
რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსის მქონე პირებს, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "ამ პროცესში უკვე მთავარი პროკურატურა ჩაერთვება".
"14 იანვრიდან პროკურატურა მიმართავს სასამართლოებს შუამდგომლობით, როგორც აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების, ისე სხვა ტიპის ზომების მიღების მოთხოვნით. რაც შეეხება სხვა პატიმრებს, პროკურატურა ფეხს აუწყობს მთავრობის რიტმს და ორკვირიან ვადაში მოხდება ყველა იმ შუამდგომლობის ფორმირება, რაც საჭიროა დანარჩენი პატიმრების გათავისუფლების დასაწყებად. ეს იქნება სწრაფი პროცესი – პირველ რიგში ციხეებს დატოვებენ პოლიტპატიმრები, რამდენიმე დღეში პოლიტიკური ნიშნით დევნილები, შემდეგ კი უკვე დანარჩენი კატეგორიის მსჯავრდებულები", - განაცხადა თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ სოზარ სუბართან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად პარლამენტმა ხელმოსაწერად ის ისევ მიხეილ სააკაშვილს გადაუგზავნა, თუმცა ქვეყნის პირველმა პირმა მის ხელმოწერაზე მეორედაც უარი თქვა. სააკაშვილს კანონზე ხელმოსაწერად განსაზღვრული ვადა 11 იანვარს, 00:00 საათზე ამოეწურა, რის შემდეგაც კანონის აღსრულების უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს მიენიჭა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ამნისტიის კანონის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა ბესელიამ განუცხადა, არ იცის დავით უსუფაშვილმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა თუ არა, მაგრამ კანონის აღსრულების პროცესის დაწყება სწორედ დღესაა დაგეგმილი.
პარლამენტის თავმჯდომარე კანონს ხელს დღეს მოაწერს დღესვე გამოქვეყნდება ის საკანონმდებლო მაცნეში, ამაღამ 00:00 საათიდან კი, ის ოფიციალურად ამოქმედდება.