სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დღეს საკუთარ საიტზე გამოაქვეყნებს ზუსტ სიას, თუ რომელი პირი რომელი დაწესებულებიდან გათავისუფლდება. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მინისტრის თქმით, ”მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ამნისტიის შესახებ კანონს ხელს მოაწერს და ის ძალაში შევა, 13 იანვარს, კვირა დილიდან დაიწყება პოლიტპატიმრების გათავისუფლება”.
"პარლამენტის დადგენილებით, პოლიტპატიმრები პირდაპირ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ექვემდებარებიან. შესაბამისად, დილის 10:00 საათზე, ყველა საპყრობილიდან დაიწყება მათი გამოშვება და ერთ საათში ყველა მათგანი დატოვებს საპატიმროს", – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება დანარჩენი კატეგორიების პატიმრებს, რომელთაც ამნისტია ათავისუფლებს, ან სასჯელს უნახევრებს, სუბარის უწყებას ორკვირიანი ვადა აქვს საბუთების მოსაწესრიგებლად.
"თუმცა ეს სამუშაო ჩვენ წინასწარ ჩავატარეთ სრულად. შესაბამისად, როგორც კი ძალაში შევა ამნისტია, ჩვენ ვიწყებთ ამ საბუთების სასამართლოებში გადაგზავნას და შემდეგ სასამართლოს პრეროგატივაა, რაც შეიძლება დაბრკოლებებების გარეშე მოახდინონ ამ ადამიანების გათავისუფლება," – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოს კითხვები გაუჩნდეს და საბუთები უკან დაბრუნდეს, თუმცა მინისტრი ვარაუდობს, რომ ეს იქნება ერთეული შემთხვევა.
მთლიანობაში კი, სუბარის განცხადებით, 17 ათასზე მეტი ადამიანის საქმე გადაეგზავნება სასამართლოს და ეს შეეხება მხოლოდ პატიმრობაში მყოფ პირებს. ამასთან, მინისტრის განმარტებით, ამას ემატება პრობაციონერების საქმეებიც, რომლებიც სასამართლოში გადასაგზავნად მომზადებული აქვს მის უწყებას.
ამნისტიის კანონზე ხელმოსაწერად განსაზღვრული ვადა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გუშინ, 00:00 საათზე ამოეწურა. კონსტიტუციის შესაბამისად, დღეიდან უკვე მისი აღსრულების უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს მიენიჭა. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, დავით უსუფაშვილი კანონს ხელს დღეს მოაწერს, რის შემდეგაც ის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება. კანონი ძალაში დღეს, 00:00 საათიდან შევა.