შინაგან საქმეთა სამინისტრო სტეფანწმინდაში ალპინისტური ექსპედიციის დაკარგული წევრების პოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შს სამინისტროს განცხადების თანახმად, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის მაშველებმა, დღეს დილიდან, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, სტეფანწმინდაში ალპინისტური ექსპედიციის დაკარგული წევრების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განაახლეს.
შსს-ს ცნობით, ოპერაციას საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამაშველო ჯგუფები სრული სამთო სპეცაღჭურვილობით ახორციელებდნენ.
სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას, ცენტრის თანამშრომლებმა ექსპედიციის ყველა დაკარგულ წევრს მიაკვლიეს.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები სერგეი სტეფანოვი, სტეფან სტეფანოვი და სერგეი მოვჩინი გარდაცვლილები აღმოჩნდნენ.
ალპინისტური ექსპედიციის წევრები 10 იანვარს მყინვარწვერზე, ბეთლემის გორებზე, ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაიკარგნენ. ამინდის გაუარესებისა და ცუდი ხილვადობის გამო, დაკარგულების საძიებო-სამაშველო ოპერაცია შეფერხებით მიმდინარეობდა.