თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ, დაახლოებით სამსაათიანი შესვენების შემდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი გულგრილობის საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 15 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობის გათვალისწინებით მოსამართლემ იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ მიიჩნია, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში თავისი ნებით დაბრუნდა და იგი აღარ დაემალება მართლმსაჯულებას. ასევე, მოწმეების ძირითადი ნაწილის დაკითხვიდან გამომდინარე, გავლენას ვეღარ მოახდენს მოწმეებზე.
გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი მოეხსნა შაეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მეთაურობის საქმეზე.
ოქრუაშვილი სასამართლოს შენობას, სავარაუდოდ, 18.00 საათისთვის დატოვებს.