უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები განსახილველად მზად, თებერვლის დასაწყისისთვის იქნება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დიპკორპუსის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
სპიკერის განცხადებით, შეხვედრაზე დიპკორპუსს აუხსნეს - თუ რატომ მიიღო ხელისუფლებამ ცვლილებების მომზადების გადაწყვეტილება.
„კონსულტაციები გრძელდება და ვისურვებ, რომ საკითხზე ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული. ჩვენ არა მხოლოდ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცენდენტის დამკვიდრება გვიწევს, არამედ ხელისუფლებაში ორი პოლიტიკური ძალის თანაცხოვრების. ეს რთული პროცესია, მაგრამ ორივე მხარეს, ამის საკმარის რესურსს ვხედავ. მთავრობის დათხოვნა-დანიშვნასთან დაკავშირებული პროექტი მხოლოდ ერთადერთ რამეს ემსახურება – პრეზიდენტმა პარლამენტის, ანუ ხალხის გარეშე, ახალი მთავრობა ვერ შექმნას. დანარჩენი უფლებამოსილებები პრეზიდენტს რჩება. ეს ცვლილება საჭიროა ქვეყნის სტაბილურობისთვის. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მას მხარდაჭერა როგორც საზოგადოების, ისე პარლამენტის მხრიდან ექნება“, - დასძინა სპიკერმა.
შეხვედრას ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ესწრებოდნენ.