სახალხო დამცველის აპარატი 2011 წლის წლიურ ანგარიშზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტში 31 მარტს წარადგენს. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას, სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ანგარიში ყველა მოვლენას მიმოიხილავს და ძირითად ტენდეციას წარმოადგენს, რასაც ადგილი გასულ წელს ჰქონდა.
ამას გარდა, ნანუაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი აპარატი მომავალში, წლიური ანგარიშის გარდა, სხვადასხვა ტემატურ ანგარიშებს მოამზადებს.
„ვეცდებით, რომ წლიური ანგარიში იყოს ლაკონური და ტენდეციებს მოიცავდეს. რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას, სხვადასხვა საქმეებზე თემატური ანგარიშები იქნება, ანუ, მარტს არ დაველოდებით, როცა პარლამენტში ანგარიშის განხილვა ხდება. ბევრ ტემატურ ანგარიშს მოვამზადებთ, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს და იქნება რეკომენდაციები უწყებებისთვისაც. არ მინდა, რომ წლიური ანგარიში იყოს ერთადერთი, რაც ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ, არაპრაქტიკულია, რადგან მისი მოცულობა დიდია და დოკუმენტის გაცნობა ბევრს უჭირს“, - აცხადებს ომბუდსმენი.
ამასთან, ნანუაშვილმა ომბუდსმენისთვის უფლებების გაზრდაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში, კანონპროექტს წარადგენენ, რომელიც იქითკენ იქნება მიმართული, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსილება გაიზარდოს.