საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიტვის პარლამენტთან არსებულ ევროპულ კლუბში მოხსენებით გამოვიდა თემაზე: „საქართველოს საგარეო პოლიტიკა არჩევნების შემდეგ“.
შეხვედრას ლიტვის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ლიტვაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო წრეების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების და წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაია ფანჯიკიძემ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დემოკრატიულად ცვლილების შესახებ ისაუბრა; მინისტრმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე; ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განგრძობითობის მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოხსენების შემდეგ კითხვებს უპასუხა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ლიტვის პარლამენტთან არსებული ევროპული კლუბის პრეზიდენტმა პეტრას აუშტრევიჩუსმა განაცხადა, მაია ფანჯიკიძემ საქართველოში მიმდინარე პროცესების "სრული სურათი დაგვიხატა და მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ“.
მისი თქმით, შეხვედრის მიმდინარეობისას დაისვა ბევრი შეკითხვა, რაც მიუთითებს საზოგადოების მაღალ ინტერესზე საქართველოს მიმართ. „ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ აქტიურად გააგრძელოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. იმედი მაქვს, რომ საქართველო დარჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერად, ამ აღნიშნულ ასპექტში ჩვენ მზად ვართ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის“,-განაცხადა პეტრას აუშტრევიჩუსმა.
საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იონას პასლაუსკასმა კი აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ლიტვაში ვიზიტი.
"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს საქართველოს ძირითადი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების უცვლელობისა და განგრძობითობის შესახებ, ვგულისხმობ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ლიტვაში ძალიან ბევრი პოლიტიკოსი თუ უბრალო მოქალაქე ინტერესდება სიახლეებით საქართველოს შესახებ, რადგანაც ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს. მნიშვნელოვანია საქართველოს მეგობრები ინფორმირებულნი იყვნენ ახალი მთავრობის გეგმებით. დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ და მათი მხრიდან გამოჩენილმა ინტერესმა“,-აღნიშნა ელჩმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ კი განაცხადა, რომ შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მისი თქმით, ის 2 საათის განმალობაში პასუხობდა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს. "მათი შეკითხვები იყო ძალზედ კომპეტენტური და საინტერესო. მსგავსი ფორმატით - დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, პირველი შეხვედრა შედგა საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთან, შესაბამისად ვფიქრობ, რომ იგი საინტერესოდ წარიმართა და ბევრ კითხვას, რომლის შესახებაც შეიძლება არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია ამ ქვეყანაში, პასუხი გაეცა’’, -განაცხადა ფანჯიკიძემ.
ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე შეხვედრებს გამართავს ლიტვის პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.