პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამნისტიის ვეტოდაძლეულ კანონზე ხელმოსაწერად განსაზღვრული ვადა დღეს ეწურება.
ვინაიდან, პარლამენტმა ვეტო 28 დეკემბრის სხდომაზე დაძლია, პრეზიდენტს კანონზე ხელი 7 დღის ვადაში უნდა მოეწერა, თუმცა, უქმე დღეებიდან გამომდინარე, ეს ვადა 11 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა, მაგრამ თუ პრეზიდენტი კანონს ხელს დღეს არ მოაწერს, მაშინ მისი აღსრულება 12 იანვარს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოხდება.
მას შემდეგ, რაც დავით უსუფაშვილი კანონს ხელს მოაწერს, კანონი იმავე დღეს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, კანონი ოფიციალურად შევა ძალაში.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონით, საპატიმროებს პირველ რიგში პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 190 პირი დატოვებს, რომელთა გათავისუფლებაც დაუყოვნებლივ, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე მოხდება. ეს პრინციპი კი, კანონითაა გაწერილი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიუდიული დახმარების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება 13 იანვარს დილითვე დაიწყება. რაც შეეხება დანარჩენ პატიმრებს, პარლამენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს სასამართლოსთვის შესაბამისი საქმეების გადასაგზავნად ორკვირიანი ვადა მისცა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უმრავლესობამ კი, ვეტო 91 მომხრე ხმით დაძლია, რომელთა შორის ორი უმცირესობის დეპუტატი - გურამ მისაბიშვილი და გიორგი ფეიქრიშვილი იყვნენ.