თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი , შესაძლოა დღეს, პატიმრობიდან გაათავისუფლონ. აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, ოქრუაშვილს მის წინააღმდეგ აღძრულ მხოლოდ ერთ საქმეზე - სამსახურებრივ გულგრილობაზე დარჩა.
ოქრუაშვილის ადვოკატების გან ცხადებებით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვები დასასრულს უახლოვდება.
ამასთან, ადვოკატების თქმით, ამ საქმეზე ოქრუაშვილს აბსურდული ბრალდება - სახელმწიფოსთვის უვარგისი ვაზნების შეძენა აქვს წაყენებული.
ადვოკატ ზვიად კორძაძის ინფორმაციით, 60 მილიონი ვაზნიდან ათასზე მეტს ჩაუტარდა ექსპერტიზა და უვარგისი არც ერთი არ აღმოჩნდა. პროკურატურას ამ საქმეზე ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებია.
"მთავარი პროკურატურა გულდასმით სწავლობს აღნიშნულ საქმეს და უახლოეს მომავალში მასთან დაკავშირებითაც მიაწვდის საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას", - აღინიშნა პროკურატურაში 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
მთავარმა საგამოძიებო ორგანომ ირაკლი ოქრუაშვილს უკვე ორი ბრალდება მოუხსნა. გუშინ კი - შეიარაღებული ფორმირების შექმნის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე მისი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. თუ დღევანდელ პროცესზეც დააყენებს პროკურატურა ბრალის მოხსნის ან აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას და სასამართლო ამას დააკმაყოფილებს, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდება.